Love is Love


ყველაფერი ბავშვობაში დაიწყო, ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, უშუქობა და დახუჭობანა ეზოში, ბავშვური ფიქრები და მხოლოდ ის მადარდებდა როდის შევჭამდი ნაყინს.
უკვე წამოვიზარდე, დაახლოებით 15 წლის ვიქნებოდი, ჩემს გარშემო ყველა ბიჭი გოგოზე ლაპარაკობდა, ზოგმა უკვე ვიღაცის შეყვარება და შემდეგ გადაყვარება მოასწრო. თავი უხერხულად ვიგრძენი როცა მკითხეს არ მოგწონს ვინმე გოგოო?!
რადგან არ მომწონდა. ბიჭებისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, ვიცოდი რომ გოგო უნდა მომწონებოდა და მეც ველოდებოდი იმ ერთადერთს.
რამდენიმე თვე გავიდა და პირველად მომეწონა გოგო, ლილი ერქვა, რიჟა თმით და უამრავი ჭორფლით სახეზე. მის დანახვაზე სულ მეღიმებოდა და მიხაროდა როცა მის გვერდით ვიდექი. სულ თვალებში მიყურებდა და მეც ვწითლდებოდი, თვალებს დაბლა ვხრიდი და მეგონა რომ ყველა ხედავდა ჩემს შინაგან ემოციებს და სირცხვილით ვიწვოდი. საკმაოდ წამოვიზარდე, მაგრამ ლილის მიმართ მხოლოდ ეს უხერხულობა მაკავშირებდა, არანაირი სურვილი რომ მოვფერებოდი და ჩავხუტებოდი, მაგრამ მეგონა ეს იყო წმინდა სიყვარული და არა ის რასაც ჩემი კლასელი ბიჭები მიყვებოდნენ.
ზაფხულში დასასვენებლად რაჭაში წავედი, კატასტროფა იყო სამი თვე ლილის გარეშე, ვერც კი წარმომედგინა როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება როცა მას არ ვნახავდი ყოველ დღე.
რაჭაში ჩემი მეგობრის ახლობლებთან ვცხოვრობდით. ერთ საღამოს აივანზე ვეწეოდი, ვუყურებდი მზის ჩასვლას და ლილიზე ვფიქრობდი, ნეტა რას აკეთებდა იმ წამს. თუ ფიქრობდა თვითონ ჩემზე.
ჩემი მეგობრის ახლობელი შემოვიდა, რომ დავინახე დაიბნა, შეხტა, ბოდიში მომიხადა და გავიდა ისევ, მე დავუძახე და სიგარეტი შევთავაზე.
ქვემოდან მორცხვად ამომხედა, დავიბენი და ვერ მივხვდი რატომ ჰქონდა ასეთი გამოხედვა, რომელმაც დამატყვევა.
სულ თვალებში ვუყურებდი და ახლა თვითონ ხრიდა სახეს როცა შევხედავდი, როგორც მე ლილის დანახვისას.
რაღაც ვიხუმრე და გაეცინა, თვალები უნათებდა ღიმილის დროს და მაშინ პირველად ვიგრძენი ის რაც აქამდე ჩემთვის უცხო იყო.
საშინლად შემეშინდა. ხელი მომკიდა და მკითხა ხომ არ შეგაშინეო. მისი თითები ვიგრძენი ჩემსაზე და ბოლო მომეღო. ეს გრძნობა არასდროს მქონია არავის მიმართ, სახელიც კი არ ვიცი რა დავარქვა.
ისევ თვალებში ჩავხედე, საოცრად ღრმა მწვანე თვალები ჰქონდა და მეც ნელ-ნელა ვიძირებოდი მასში. ვიგუდებოდი, სული შემეხუთა როცა გამახსენდა რომ მისი თითები ისევ ეხებოდნენ ჩემსას.
ნუ გეშინიაო მშვიდად მითხრა, შენ არ ხარ არასწორი, გაფუჭებული და ცუდი.
მე გავბრაზდი და ვუთხარი მკაცრად, დიახ მე არ ვარ გაფუჭებული, ნორმალური ვარ-მეთქი და გავიქეცი.
ჩემს ოთახში ჩავიკეტე და მეგონა დედამიწაზე მხოლოდ მე ვიყავი ასეთი, მაგრამ ვერც გამეგო,როგორი..
მთელი ღამე ვფიქრობდი მის მწვანე თვალებზე და თბილ თითებზე. ლილის სახის ნაკვთები კი ნელ-ნელა მავიწყდებოდა.
მეორე დილით ჩვეულებრივად გავედი ოთახიდან, დავინახე სამზარეულოში და გარეთ გავედი, შეამჩნია და გამომყვა.
ხელი მომკიდა და ჩუმად მითხრა გამომყევიო, შემეშინდა, ხელი გამოვგლიჯე და სახლში შევბრუნდი, მაგრამ როცა კარები მივკეტე და ის გარეთ იდგა, უბრალოდ ფეხი ვეღარ გადავდგი წინ, მივიხედე და ისევ მიყურებდა თბილი თვალებით.
მივედი მასთან,მოვკიდე ხელი და გავყევი. სახლის უკან გამიყვანა, ბაღში შევედით, დედამისს უამრავი ყვავილი ჰქონდა იქ და გულმოდგინეთ უვლიდა. ბევრი მატარა, ბაღს გავცდით და სადღაც, მგონი მეზობლის ეზოში შევიარეთ. ხმა არ ამოგვიღია არცერთს და მე გულის ცემას უკვე ტვინში ვგრძნობდი. ულამაზეს ადგილას მიმიყვანა, გარშემო მხოლოდ ხეები და სიმწვანე იყო, ბალახზე წამოგორდა და მე ზემოდან ვუყურებდი, ვერაფერს ვამბობდი. Continue reading