Love is Love


ყველაფერი ბავშვობაში დაიწყო, ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, უშუქობა და დახუჭობანა ეზოში, ბავშვური ფიქრები და მხოლოდ ის მადარდებდა როდის შევჭამდი ნაყინს.
უკვე წამოვიზარდე, დაახლოებით 15 წლის ვიქნებოდი, ჩემს გარშემო ყველა ბიჭი გოგოზე ლაპარაკობდა, ზოგმა უკვე ვიღაცის შეყვარება და შემდეგ გადაყვარება მოასწრო. თავი უხერხულად ვიგრძენი როცა მკითხეს არ მოგწონს ვინმე გოგოო?!
რადგან არ მომწონდა. ბიჭებისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, ვიცოდი რომ გოგო უნდა მომწონებოდა და მეც ველოდებოდი იმ ერთადერთს.
რამდენიმე თვე გავიდა და პირველად მომეწონა გოგო, ლილი ერქვა, რიჟა თმით და უამრავი ჭორფლით სახეზე. მის დანახვაზე სულ მეღიმებოდა და მიხაროდა როცა მის გვერდით ვიდექი. სულ თვალებში მიყურებდა და მეც ვწითლდებოდი, თვალებს დაბლა ვხრიდი და მეგონა რომ ყველა ხედავდა ჩემს შინაგან ემოციებს და სირცხვილით ვიწვოდი. საკმაოდ წამოვიზარდე, მაგრამ ლილის მიმართ მხოლოდ ეს უხერხულობა მაკავშირებდა, არანაირი სურვილი რომ მოვფერებოდი და ჩავხუტებოდი, მაგრამ მეგონა ეს იყო წმინდა სიყვარული და არა ის რასაც ჩემი კლასელი ბიჭები მიყვებოდნენ.
ზაფხულში დასასვენებლად რაჭაში წავედი, კატასტროფა იყო სამი თვე ლილის გარეშე, ვერც კი წარმომედგინა როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება როცა მას არ ვნახავდი ყოველ დღე.
რაჭაში ჩემი მეგობრის ახლობლებთან ვცხოვრობდით. ერთ საღამოს აივანზე ვეწეოდი, ვუყურებდი მზის ჩასვლას და ლილიზე ვფიქრობდი, ნეტა რას აკეთებდა იმ წამს. თუ ფიქრობდა თვითონ ჩემზე.
ჩემი მეგობრის ახლობელი შემოვიდა, რომ დავინახე დაიბნა, შეხტა, ბოდიში მომიხადა და გავიდა ისევ, მე დავუძახე და სიგარეტი შევთავაზე.
ქვემოდან მორცხვად ამომხედა, დავიბენი და ვერ მივხვდი რატომ ჰქონდა ასეთი გამოხედვა, რომელმაც დამატყვევა.
სულ თვალებში ვუყურებდი და ახლა თვითონ ხრიდა სახეს როცა შევხედავდი, როგორც მე ლილის დანახვისას.
რაღაც ვიხუმრე და გაეცინა, თვალები უნათებდა ღიმილის დროს და მაშინ პირველად ვიგრძენი ის რაც აქამდე ჩემთვის უცხო იყო.
საშინლად შემეშინდა. ხელი მომკიდა და მკითხა ხომ არ შეგაშინეო. მისი თითები ვიგრძენი ჩემსაზე და ბოლო მომეღო. ეს გრძნობა არასდროს მქონია არავის მიმართ, სახელიც კი არ ვიცი რა დავარქვა.
ისევ თვალებში ჩავხედე, საოცრად ღრმა მწვანე თვალები ჰქონდა და მეც ნელ-ნელა ვიძირებოდი მასში. ვიგუდებოდი, სული შემეხუთა როცა გამახსენდა რომ მისი თითები ისევ ეხებოდნენ ჩემსას.
ნუ გეშინიაო მშვიდად მითხრა, შენ არ ხარ არასწორი, გაფუჭებული და ცუდი.
მე გავბრაზდი და ვუთხარი მკაცრად, დიახ მე არ ვარ გაფუჭებული, ნორმალური ვარ-მეთქი და გავიქეცი.
ჩემს ოთახში ჩავიკეტე და მეგონა დედამიწაზე მხოლოდ მე ვიყავი ასეთი, მაგრამ ვერც გამეგო,როგორი..
მთელი ღამე ვფიქრობდი მის მწვანე თვალებზე და თბილ თითებზე. ლილის სახის ნაკვთები კი ნელ-ნელა მავიწყდებოდა.
მეორე დილით ჩვეულებრივად გავედი ოთახიდან, დავინახე სამზარეულოში და გარეთ გავედი, შეამჩნია და გამომყვა.
ხელი მომკიდა და ჩუმად მითხრა გამომყევიო, შემეშინდა, ხელი გამოვგლიჯე და სახლში შევბრუნდი, მაგრამ როცა კარები მივკეტე და ის გარეთ იდგა, უბრალოდ ფეხი ვეღარ გადავდგი წინ, მივიხედე და ისევ მიყურებდა თბილი თვალებით.
მივედი მასთან,მოვკიდე ხელი და გავყევი. სახლის უკან გამიყვანა, ბაღში შევედით, დედამისს უამრავი ყვავილი ჰქონდა იქ და გულმოდგინეთ უვლიდა. ბევრი მატარა, ბაღს გავცდით და სადღაც, მგონი მეზობლის ეზოში შევიარეთ. ხმა არ ამოგვიღია არცერთს და მე გულის ცემას უკვე ტვინში ვგრძნობდი. ულამაზეს ადგილას მიმიყვანა, გარშემო მხოლოდ ხეები და სიმწვანე იყო, ბალახზე წამოგორდა და მე ზემოდან ვუყურებდი, ვერაფერს ვამბობდი.
მკითხა მარწყვი თუ მიყვარდა, მე ვუპასუხე რომ არა.
უცნაური ხარო მითხრა და გამიღიმა. მეც გამეღიმა მის ღიმილზე და გულის ცემა დამშვიდდა.
გვერდით მივუჯექი და ვკითხე ეს რა არის მეთქი?!
მშვიდად მითრა, ეს ბალახია, წინ ხეები და გაიღიმა.
არა, ეს რაარის, ხელი გულზე დავიდე.
ეს ისაა რაც აქედან მოდისო და თავზე მომადო ხელი.
უფრო შემეშინდა და გავუბრაზდი, ვუთხარი რომ არა! მეც ჩვეულებრივი ვარ და გოგო მიყვარს. ისევ გამოვიქეცი.
ისევ არ მეძინა სულ მის თვალებზე ვფიქრობდი. უკვე ზაფხულიც დამთავრდა და დავბრუნდი თბილისში, ცივად დავემშვიდობე და უკანმოუხედავად წამოვედი.
ყოველ ღამე მესიზმრებოდა მისი მწვანე თვალები და ლილის ყურება აღარ მაბნევდა.
ისევ მეგონა რომ ყველას ესმოდა ჩემი ფიქრები და ამის გამო აუცლებლად გამკიცხავდნენ, რადგან მე არ ვარ მათნაირი.
ვარ ცუდი.
უკვე აუტანელი იყო ეს მონატრება. შემდეგ ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ თბილისში ჩამოვიდა და უნდა ენახა, გაყოლა მთხოვა, მე კი მის სანახავად სიცოცხლეს დავთმობდი.
რომ დავინახე მთელ სხეულში ვიგრძენი როგორ მოძრაობდა სისხლი, როგორ ამებურძგლა ხსეულზე თმა და როგორ დაფრინავდნენ რაღაცეები მუცელში. მივხვდი რომ აღარ მეშინოდა, მხოლოდ მის გამოხედვაზე ვფიქრობდი. მეორე დღეს მარტომ ვნახე, გულზე ხელი დავადე და ვუთხარი, და აი ეს რაღა არის მეთქი.
შენ უნდა მიპასუხო ეგ, რადგან მანდ შენ ხარო.
თითქოს გული გამიჩერდა და პირველად ვიგრძენი ის რასაც ჩემი კლასელები გრძნოდბნენ გოგოების დანახვისას.
ვიგრძენი სურვილი, ვიგრძენი რომ ვარსებობდი, შიში, სიყვარული.
მარტოობა კი გაქრა, უკვე აღარ მეშინოდა და ვდარდობდი იმაზე რომ მხოლოდ მე ვიაყვი “გაფუჭებული სათამაშო”, რომ კიდევ არის ვიღაც ჩემნაირი და ჩვენ უკვე ორნი ვართ.

ბევრი დრო გავიდა, ჩვენ ყოველდღე ვნახულობდით ერთმანეთს, ვერავინ ვერ ხვდებოდა რომ სხვანაირად გვიყვარდა ერთმანეთი. როგორ ვერ ამჩნევდნენ ჩემს გაბრწყინებულ თვალებს როცა მას ვხედავდი, ჩემს გულწრფელ ღიმილს და იმ გრძნობას რასაც “სავსე” ჰქვია.
უკვე აღარც იმის მჯეროდა, რომ მათ ესმით ჩემი ფიქრები. აღარც მე მეშინოდა ჩემი თავის და ერთადერთი რასაც ვგრძნობდი სიყვარული იყო.

17 მაისი ახლოვდებოდა, მთელი თბილისი შებყრობილი იყო ზიზღით. მეც ამიყოლია ამ ზიზღმა, მეზიზღებოდა ის, რადგან მეგონა მისი ბრალი იყო რომ ასეთი ვიყავი. დანახვაც არ მინდოდა, არც ქუჩაში გავდიოდი და მითუმეტეს ვერ ვუსმენდი როგორ “მაგინებდნენ” ჩემი საკუთარი მეგობრები. შიშმა კი სიყვარულსაც გადაუსწრო და მხოლოდ იმაზე ვდარდობდი, როგორ მომეშორებინა ეს “ცუდი ჩვევა”.
საკუთარი თავი მეზიზღებოდა სიყვარულის გამო, საკუთარი არსებობა მძულდა იმიტომ რომ ამდენს ვძულდი. ისევ მრატოობამ შემიპყრო, არაფერი აღარ მქონდა დარჩენილი შიშის გარდა.
ყოველ დღე მირეკავდა, რამდენიმე საათში ერთხელ მწერდა რომ მეპასუხა ტელეფონზე.
ყოველ ღამე მწერდა რომ ვუყვარდი და მარტო არ ვიყავი.
მე კიდე უფრო მეზიზღებოდა ეს სიყვარული.

16 მაისი გათენდა. სახლში დამადგა, კარები რომ გავაღე და დავინახე ისევ გაჩერდა გულის ცემა. ისევ მხოლოდ მის თვალებს ვხედავდი, მხოლოდ ის იყო იმ წამს ჩემთვის დედამიწაზე. მის თვალებში კი მხოლოდ ის ჩანდა რაც მე დავგმე. შიში ერთი წამითაც არ შეპარვია, ჩემდამი სიყვარული ბევრად ძლიერი იყო. ხელი მომკიდა და ჩამეხუტა. ისევ შევივსე და შიშის გრძნობაც ნელ-ნელა გაქრა.
უბრალოდ მოვეშვი და ვაღიარე რომ მე ვარ მე. ამას კი ვერსად გავექცევი, სახლში მომაკითხავს და შემახსენებს თავს რომ სიყვარული მთავარია.

17 ში დილას ვნახე, ვაპირებდით სახალხოდ გამოსვლას და ჩვენი სიყვარულის ჩვენებას, შიში როგორც კი ამიტანდა მასზე ვფიქრობდი და ვწყნარდებოდი. ჩვენს გვერდით სხვებიც იყვნენ და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი იმ წუთას, როცა მივხვდი რომ მე არ ვარ “გაფუჭებული”, სიყვარული არ შეიძლება იყოს არასწორი და ცუდი. ის ჩვენში არსებობს იმისთვის რომ გადარვჩეთ, რომ გავიღიმოთ და რომ ვიპოვოთ ღმერთი, რომელიც ჩვენშია. როგორი ძლიერია სიყვარული მაშინ როცა ყველა ამ სიყვარულს გაზიზღებს, როგორი ძლიერია, რომ შენ ამდენი ხალხის წინ გამოდიხარ და ხმამაღლა ამბობ შენს გრძნობის შესახებ. როგორი ძიერია რომ ყველანაირ გრძნობას ფარავს და მხოლოდ დადებითი რჩება.. ძლიერი, ფერადი და წაუშლელი.

ვუყურებდი როგორ მოდიოდნენ ადამიანები იმ ადგილისკენ სადაც ჩვენ მივდიოდით, იმ წუთას ერთმანეთზე ახლო არავინ გვყავდა ამ რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც სიყვარული გვამოძრავებდა. მივაბიჯებდით სასაკლაოსკენ უშიშრად, ჩვენც კარგად ვხდებოდით რას გამოიწვევდა საზოგადოების ზიზღი და შიში ასეთი ძლიერი სივყარულის მიმართ. მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს, ხელი მაგრად მომკიდა და მითხრა თვალები დახუჭეო. მაგრად დავხუჭ თვალები, ფეხის და ყვირილის ხმა მესმოდა მხოლოდ. კარგზე იფიქრეო მითხრა. ეს ღრიალი კი ტალღების ხმას მივამსგავსე, რომელიც მთელი თავისი სიდიადით და სიძლიერით მოდის შენსკენ რომ წაგაქციოს. ტალღა მოახლოვდა, თვალები გამეხილა შემთხვევით.
ვუყურებდით როგორ მორბოდნენ ჩვენს მოსაკლავად ათასობით ადამიანი, მაშინ ვინანეთ რომ საერთოდ დავიბადეთ, მაგრამ არა ის, რომ არ და დავიმალეთ.

ტალღამ კი მაგრად დაგვარტყა, ყურები დამიგუბდა, წვეთები ასკდებოდნენ ერთმანეთს და ვგრძნობდი როგორ ვიხრჩობოდით ორივე. მის თვალებს ვეძებდი რომელიც მე მაძლევდა სიძლიერეს და იმ სინათლეს რაც ჩემში იყო. ტალღა ძლიერდებოდა, ვეძებდი, ვეძებდი, უკვე იმედი გადამეწურა რომ კიდევ ოდესმე ვნახავდი.
ნელ-ნელა კი კვდებოდა ჩემში ყველანაირი გრძნობა. ადამიანური თუ არა- ადამიანური. მხოლოდ მისი სახე მიტრიალებდა თვალწინ, სიცოცხლეც არ მინდოდა, მხოლოდ მისი დანახვა. უკანასკნელი შხეფები, ჩუმად ჩავილაპარაკე, უკვე ვიცი რაც ქვია იმას რაც მაშინ ვიგრძენი, ეს გრძნობა შენ იყავი. თვალები მაგრად დავხუჭე და როცა გავახილე დავინახე, ისიც ტალღამ წაიღო, ფეხები მოგვიკეცა და ყოველ წამს თავიდან გვარტყამდა, გვანახებდა თავის ზიზღს, თუმცა გრძნობები უკვე წავიდნენ.. ტკივილს ვეღავ გრძნობდით. მის თვალებში ვიძირებოდი, უფრო მიყვარდებოდა, ბოლოს კი ჩავიხრჩე მის გამოხედვაში, უკანასკნელად გავიღიმეთ და ამოვისუნთქეთ.
თვალების დახუჭვის დროს კი სინათლე ჩანდა. აქამდე თვალებ გახელილზე მხოლოდ სიბნელე იყო..


Advertisements

2 thoughts on “Love is Love

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s