ზუზუს დღიური


2.11.11.

დღეს ქუჩაში რაღაც ბლოკნოტი ვიპოვე, სადღაც მოვკარი ყური, რომ ხალხი თავის ყოველდღიურ საქმიანობას იწერს, მნიშვნელოვან მომენტებს მაინც. ბლოკნოტი სხვა ვერაფერში გამოვიყენე და ვიფიქრე მეც ვცდი მეთქი, მაგრამ არ ვიცი ეს როგორ კეთდება. უბრალოდ როცა მოვიცლი ჩავწერ რამეს.

5.11.11.

ჩემს შესახებ რა საჭიროა რამე დავწერო? ამ დღიურს ჩემს გარდა მაინც არავინ კითხულობს. მე კი ჯერჯერობით მახსოვს ვინც ვარ.
ღამე ახალ ადგილას გავათენეთ, ძველი საშინელმა წვიმამ გაანადგურა და ერთერთი სადარბაზოზს გვერდით ვნახეთ თავშესაფარი. თბილოდა. ჩემი და კეისი ავად გახდა, დედას ვეხვეწე წვიმაში არ დააყენო ქუჩაში მეთქო, გაცივდება, მაგრამ არ მომისმინა. ჩემი კუთვნილი საბანი მას მივეცი და მეც გვერდით მოვუწექი რომ გამეთბო. ჯერემი მთელი ღამე ტიროდა, კეისი რომ არ გაეღვიძებინა ხელში მყავდა აყვანილი და ვაქანავებდი, იქნებ როგორმე ჩასძინებოდა.


8.11.11.

ახლახანს ვჭამე უგემრიელესი ხაჭაპური, დღეს ხალხი კეთილია. სულ 20 თეთრიანებს მაძლევენ და თან ისე რომ არც დამცინიან და ბიჭები არ მაპანჩურებენ. კეისი უკეთაა, აფთიაქში წამალი ვუყიდეთ და გამოკეთდა. ჯერემი და დედა ახლა სხვაგან დგანან, მე სუპერმარკეტის გვერდით ჩემს დაკეცილ საბანზე ვზივარ და დღიურში ვწერ. დედამ არ დამინახოს თორე მცემს, უსაქმურად რომ ვზივარ და არ ვთხოვ ხალხს ფულს. წავედი მგონი დედა მოდის.

10.07.11.
დედამ დამინახა და წამართვა ბლოკნოტი, გაბრაზებულმა შუაზე გადახია და გადააგდო, მე უკან გამოვბრუნდი და მოვაგროვე ფურცლები. სასტიკად მცემა შუა ქუჩაში. დედა ძალიან სასტიკია ხანდახან, მაგრამ რას ვიზამთ? მამამ მიგვატოვა და ახლა მარტო უწევს სამი ბავშვის მოვლა და სხვა გზა არ აქვს. მე და კეისიმ ახალი გასართობი ადგილი ვიპოვეთ, ბავშვებითაა სავსე, საქანელები და სასრიალოებია. მანდაც ვერ ვჩერდებით დიდი ხანი, დედამ არ უნდა დაგვინახოს.

12.11.11.

ძველ ადგილას პოლიციამ მოგვაგნო და გაგვყარეს. მთელი ღამე გავათენეთ ახალი სახლის ძებნაში და რაღაც მიტოვებული შენობა ვნახეთ, სულ დანგრეულია, დროებით საცხოვრებლად გამოდგება. დედამ გვითხრა ფულს ვაგროვებ და მალე ახალი, საკუთარი სახლი გვექნებაო. მეეჭვება ჩვენი ნაშოვნი ფულით რამე ვიყიდოთ, მაგრამ დედა იმედს არ კარგავს.

13.11.11.

დედამ მაღაზიიდან რაღაც მოიპარა და დაიჭირეს, საშინელება იყო, კეისი და ჯერემი ტიროდნენ, ვერ ვამშვიდებდი, მეც მეტირებოდა, მაგრამ როგორღაც თავი შევიკავე. არ გვანახებენ დედას. არვიცით რამდენიხანი იქნება იქ, არც ის ვიცით სად უნდა წავიდეთ. მე ყველაზე უფროსი ვარ, 12 თუ 13 წლის არ მახსოვს. კეისი 7 წლისაა და ჯერემი 2 ის. უკვე საღამოა, აი ახლაც მესმის კეისის ქვითინის ხმა, ჯერემის სძინავს და თავი ჩემს ფეხებზე უდევს. ღმერთო დამეხმარე, თუ ხარ სადმე. სად წავიდეთ? სად უნდა გავათენოთ ღამე?

14.07.11.

საბედნიეროდ ვიპოვეთ რაღაც ადგილი, არავინ არ დადის ღამე, დიდი კარდონებისგან ავაშენეთ მე და კეისიმ პატარა სახლი, გავშალეთ ჩვენი საბნები და დავიძინეთ. მე არ მეძინა მთელი ღამე. კეისიც სულ ტიროდა და მერე რომ დაიღალა ჩეაძინა. კიდევ კარგი ჯერემის მშვიდად ეძინა და დედა ვეგონე როცა მეხუტებოდა ზილში. დღეს ძალიან კარი ამინდია, კეისი და ჯერემი პარკში დავტოვე რომ ცოტა გული გადააყოლონ დედას არ ყოფნას, მე იქვე, ახლოს ვიდექი და ახალ მიზეზს ვასახელებდი, რომ დამხმარებოდნენ.. დედა მომიკვდა, გთხოვთ დამეხმაროთ. რა ამაზრზენია ეს ყვეალფერი, ვიღაცას რაღაცას თხოვ, ეხვეწები, იმას რასაც არ იმსახურებ, არ გეკუთვნის და .. და ისიც გაძლევს, ეცოდები, მერე თავი კარგი ადამიანი რომ ეგონოს ამას მაგისთვის უფრო აკეთებს. რომ არ მომცეს უარესი, შიმშლით მოვკვდებით მე და ჩემი და–ძმა. თავიდან ძნელი იყო, ეხლა შევეჩვიე და უკვე სრულიად უნამუსოდ ვითხოვ ხალხისგან ხურდას. მრცხვენია, ძალიან მრცხვენია, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს?

16.11.11.

დღეს დედასთან შეგვიშვეს, სასამართლო იყო. არ გამოუშვეს, რადგან უკვე გაფრთხილებული ყავდათ. 3 წელი მიუსაჯეს. მარტო ვიყავი, კეისი და ჯერემი გარეთ დავტოვე და მოვატყუე 1 წელი იქნება იქ მეთქი. დედამ მითხრა ნუ დამელოდებით, დეიდა პეტრასთან წადითო. დავამშვიდე, მე მივხედავ ბავშვებს მეთქი, დავემშვიდობე და.. დეიდა სხვა ქალაქში ცხოვრობს, არც ვიცნობ და როგორ მივაგნო? არ ვიცი რა იქნება მომავალში.. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორმე გადავრჩეთ.

18.11.11.

შოკოლადები მოვიპარე მაღაზიაში, კეისის სახეზე დღეს ღიმილიც კი დავინახე, შოკოლადს რომ ჭამდა, სხვა დროსაც მომიწევს მოვიპარო, ეს მათხოვრობაზე უარესი და დამამცირებელია, მაგრამ კეისის ღიმილი ამათ ღირს.

20.11.11.

კეისი ძალიან ავადაა, არვიცი რა დაემართა, საშინელი ქარი და წვიმაა, ჩვენი ყუთები ქარმა წაიღო, სადარბაზოში ვზივართ საბანშემოხვეულები. ჯერემი ძლიერი აღმოჩნდა და ერთიც არ დაუხველებია. მეც გაციებული ვარ, მაგრამ კეისი უარესადაა, სიცხე აქვს და კანკალებს. ხვალ ფულს მოვაგროვებ, მე საჭმელს არ შევჭამ და კეისის წამალს ვუყიდი,იქნებ უშველოს.

21.11.11.

საშინელი ამინდია, ჯერემის ჩაეძინა და წამოვედი, სადღაც მოფარებულში დავტოვე ორივე. ხალხი არ არის ქუჩაში, რა ვქნა? ვაიმე რა ვქნა! ფული როგორ ვიშოვო თუ ხალხი არ არის. წამალს ვერ ვიყიდი. მხოლოდ რამდენიმე ლარი მაქვს, ამით წამალს ვიყიდი და საჭმელს მოვიპარავ.
ეხლა მივდივარ კეისისთან და ჯერემისთან, ორი ცალი პური და ერთი ცალი მიწის თხლისი მოპარვა მოვახერხე მარტო. ბოთლით წყალიც მიმაქვს და რაღაც ხველების წამალი.

23.11.11.

კეისი უფრო და უფრო ცუდად ხდება, ექიმთან მივიყვანე მაგრამ არც გასინჯა როცა ნახა რეები გვეცვა და მიხვდა, რომ ვერ გადავუხდიდით. ისევ სახლში წამოვიყვანე. ჯერემი ყოჩაღი ბიჭია, მეხმარება ხოლმე, ართობს კეისის და სულ არ ტირის ხოლმე. გუშინაც მოვიპარე ერთ პური. ორი დღე მე არაფერი მიჭამია. ფული ისევ არ გვაქვს, მარტო ვერ ვტოვებ კეისის, ისე ახველებს წყალი რომ არ მივაწოდო შეიძება დაიხრჩოს. ეხლა სძინავთ და წავალ იქნებ რამე მოვუტანო. წყალი ახლოს დავდე და ჯერემიც დავარიგე, თუ უცნაური ხმები გამოსცა წყალი მიუტანე მეთქი.

24.11.11.

ურნაში კიდევ ერთი დაფლეთილი საბანი ვიპოვე, გამიხარდა, კეისის რბილად დავაწვენ მეთქი. ვეღარ ინძრევა, ძალიან მეშინია არ მოკვდეს. სულ ახველებს, ფერი არ ადევს, ძალიან ცხელია მაგრამ სულ სცივა. ჯერემისაც გადაედო მგონი, ისიც ახველებს. კიდევ კარგი ცოტა ამინდები გამოვიდა და საჭმელს მაინც ვყიდულობ. რამე ახალი ადგილი უნდა მოვძებნო ღამის გსათევებლად, აქაურობა სულ დასველდა და ჩამოინგრა.

26.11.11.

კეისი კვდება. გუშინ სულ სისხლი სდიოდა პირიდან ისე მწარედ ახველებდა. მარტო ვერ ვტოვებ, მარტო რომ იყოს სიკვდილის ბოლო წუთებში ვერ გადავიტან. მის სიკვდილს ვერ გადავიტან საერთოდ. რა მეშველება? ჩემი კეისი თუ მოკვდა.. დედაც ციხეშია და.. მე და ჯერემი დავრჩებით? და უნდა ვუყო? როგორ უნდა მოვუარო 2 წლის ბავშვს ამ სიცივეში, უფულოდ, სახლი არ გვაქვს. ღმერთო გესმის ჩემი? გთხოვ არ წაიყვანო კეისი შენთან.

როცა ისევ ჩაეძინათ ორივეს, გარეთ გავედი. ყველა გამლელს ვთხოვდი ფულს, რომ საჭმელი მეყიდა. კესო კვდება მეთქი არავის ვეუბნებოდი. ამით ვერ გავიმართლებდი თავს. არა არა კეისი სიკვდილის ხარჯზე როგორ უნდა მეშოვნა ფული. ხალხი ცივად მიყურებდა, ზიზღით და არ სჯეროდათ ჩემი სევდიანი თვალების. მე კი .. მე კი ვთხოვდი, ვემუდარებოდი, სულ მცირე მაინც მოეცათ. სახლში დაბრუნება არ მინდა,კეისის ბავშვური სიცილი რომ ვეღარ დავინახო მერე? ……

გზაზე რო შეგხვდებათ პატარა ბიჭი, სევდიანი თვალებით, ხელებში ძალა რომ არ აქვს და გთხოვთ დახმარებას, ნუ გაუვლით გვერძე, დაეხმარეთ. იქნებ მასაც უკვდება “სახლში” და…

Advertisements

One thought on “ზუზუს დღიური

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s